თქვენს მახლობელ ქალაქში: ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019

13-06-2019

აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს პირველად მიეცათ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის კონკურსში მონაწილეობის უფლება

ევროპის ენერგეტიკული მომავლის ფორმირება წლევანდელი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის თემაა; კვირეული მთელ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 17-21 ივნისს ჩატარდება.

2006 წლის შემდეგ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულზე (EUSEW) იკრიბებიან სახელმწიფო ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები მთელ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რათა მხარი დაუჭირონ ენერგიის დაზოგვის ინიციატივებს და განაგრძონ მოძრაობა უფრო სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგეტიკის მიმართულებით. კვირეულზე ჩამოყალიბდა მჭიდროდ შეკავშირებული საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის ავანგარდს ევროპაში.

ენერგეტიკის წარმატებული პროექტების დაჯილდოება

ყოველ წელს ჩატარებულ ღონისძიებებს შორის არის ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი. კონკურსი აჯილდოებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სამაგალითო პროექტებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში, ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში. წელს დაჯილდოებაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას კანდიდატები აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. განაცხადების შეტანა შეუძლიათ მოქალაქეებს, ბიზნეს-კომპანიებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთი ან რამდენიმე ქვეყნიდან. შეირჩა ექვსი ფინალისტი 50-ზე მეტი განაცხადიდან, ხოლო საბოლოო გამარჯვებული გამოცხადება 18 ივნისს ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW) ცერემონიაზე ბრიუსელში.

გასული წლის გამარჯვებული კატეგორიაში „ენერგეტიკის ახალგაზრდა ლიდერების დაჯილდოება“, იყო საკომუნიკაციო ჰაბი სახელწოდებით „ჩეხური ეკოლოგიური სახლები“. „ჩვენი სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი უდიდესია ცენტრალურ ევროპაში და მან შთააგონა ახალგაზრდა არქიტექტორებს ენერგეტიკულ გარდაქმნის მიმართულებით წასვლა ინოვაციური, ენერგოეფექტური დიზაინების საშუალებით. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ასობით ეკოლოგიური სახლის პროექტი, და ენერგიის მართვის ახალი სისტემა ოჯახებისთვის“, ამბობს დამფუძნებელი პაველ პოდრუმი.

ენერგეტიკის დღეები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია „ენერგეტიკის დღეები“. ეს დღეები, რომლებიც ორგანიზებულია ადგილობრივი მოსახლეობის და კერძო ორგანიზაციების მიერ, წარმოადგენს აქტივობებს და ღონისძიებებს სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად. ენერგეტიკის დღე შეიძლება იყოს ნებისმიერი საქმიანობა - მაგ, სემინარი, კონკურსი, ან ექსკურსია ელექტროსადგურში - თუ მასში მონაწილეობენ მოქალაქეები და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ენერგეტიკული გაერთიანების აშენების მიზნით.

გასულ წელს ენერგეტიკის დღის 500-მდე სხვადასხვა ღონისძიებაში და აქტივობაში მთელი რეგიონის მასშტაბით 40,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, წარმოდგენილი იყო სომხეთის ერევნის ენერგოეფექტურობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში ახორციელებს 140 საბავშვო ბაღის კომპლექსურ ენერგოეფექტურ მოდერნიზაციას და რეკონსტრუქციას.

საქართველოდან თელავის მცხოვრებლებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში ენერგოეფექტურობის და განახლებადი წყაროების საკითხებზე; გამარჯვებულებს გადაეცათ მცირე პრიზები, მაგ. საზაფხულო სპორტული ქუდები მზის ბატარეაზე მომუშავე ვენტილატორებით და მზის ბატარეაზე მომუშავე ღია ცის ქვეშ გამოსაყენებელი ნათურები.

მოლდოვაში 300-ზე მეტმა ბავშვმა და მათმა მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის და მწვანე ენერგეტიკის წყაროების შესახებ. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობდნენ ენერგეტიკის თემაზე ჩატარებულ ხატვის კონკურსში, და სპორტულ შეჯიბრებასა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ჰქონდათ პრიზების მოგების შანსი.

მერების შეთანხმება წევრების მოზიდვას აგრძელებს

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის დაწყებისას უკრაინაში, 2018 წლის ივნისში, 14 ახალი ქალაქი გახდა ევროკავშირის მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი ინიციატივის ხელმომწერი, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებების და მოქალაქეების მიერ პასუხისმგებლობის აღება კლიმატის გლობალური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

2019 წლის აპრილისთვის ევროკავშირის ინიციატივას უკრაინის 269 ქალაქი შეუერთდა; მათ აიღეს ვალდებულება შეამცირონ ნახშირორჟანგის ემისია, გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა და საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი. ამჟამად მერების შეთანხმებას მთელი რეგიონის მასშტაბით 410-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება! 

ევროკავშირის დიდი კონფერენცია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის საკითხებზე

18 - 20 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის კონფერენცია პოლიტიკის საკითხებზე - ეს ევროპის უდიდესი კონფერენციაა, რომელიც განახლებად ენერგიას და ენერგიის ეფექტურად გამოყენებას ეძღვნება. კონფერენციის სესიები ორგანიზებულია ევროკომისიის და ენერგეტიკის საკითხებში მონაწილე მხარეების მიერ, და ამ სესიებზე განხილული იქნება შემდეგი თემები: მდგრადი ენერგეტიკა, ახალი პოლიტიკის შემუშავება, საუკეთესო პრაქტიკა და მდგრად ენერგეტიკასთან დაკავშირებული მოსაზრებები.

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ღონისძიების მაჩვენებლები წელს მეტი იქნება გასულ წელთან შედარებით; თუმცა გასული წლის მაჩვენებლებიც ძალზე შთამბეჭდავია: 2,500-ზე მეტი მონაწილე და პირდაპირი ტრანსლაციის 7,000-ზე მეტი მიმდევარი, 64 სესია, 50-ზე მეტი ღონისძიება კავშირების დასამყარებლად, 500-ზე მეტი ადგილობრივი ენერგეტიკის დღე ევროკავშირის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, და ფართო განხილვა სამი მომდევნო დღის განმავლობაში სოციალური მედიის ვებსაიტებზე.

მიიღებთ მონაწილეობას?

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ, მიმდინარეობს თუ არა ენერგეტიკის დღის ორგანიზება თქვენს მახლობლად.